“საარჩევნო განაცხადი”

13682458_1199022946816143_170001082_o

15 ივლისს თსუ-ში სენატის დამატებითი წევრების არჩევნებია ჩანიშნული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, მათ შორის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. (გარდა მედიცინის ფაკულტეტისა). საარჩევნო პროცესი გაიმართება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ფაკულტეტების ცენტრალურ კორპუსებში.

წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უნივერსიტეტის მართვის მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენს. სენატი მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დამუშავებასა და დამტკიცებაში, რომელიც ხშირად ირღვევა როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის მიერ ქსენოფობიური, სექსისტური, ჰომოფობიური თუ სხვა დისკრიმინაციული გამოვლინებების შედეგად. სენატი განიხილავს და განკარგავს უნივერსიტეტის ბიუჯეტს, განსაზღვრავს პრიორიტეტებს. მის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და ხარიხსის უზრუნველყოფის სამსახურის თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნა. მარტში განვითარებულმა პროცესებმა კანცლერის არჩევნებთან დაკავშირებით გვაჩვენა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა აკისრია უნივერსიტეტის სენატს.

სამწუხაროდ სტუდენტების მცირე ნაწილმა თუ იცის სენატის ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ, რაც განპირობებულია თვითმმართველობის ათობით წარმომდგენლის პასიური, არაქმედითი და არაფრისმომცემი საქმიანობით სენატის შიგნით. წლების განმავლობაში მათ არასოდეს გამოუტანიათ სენატის საკითები ფართო საუნივერსიტეტო-საზოგადოებრივ ფორმატში. წარმომადგენლობით საბჭოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებად კი მუდამ ერთი და იგივე ადამიანები გვევლინებიან.

აღნიშნული სტაგნაციის დარღვევის საშუალებას გვაძლევს 15 ივლისს ჩანიშნული არჩევნები, სადაც მონაწილეობას ვიღებთ მე და ჩემი თანამებრძოლები:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – თორნიკე შევარდნაძე;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – გიორგი ჯავახაძე;
იურიდიული ფაკულტეტი – თორნიკე გერლიანი;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – მარიამ ბაღდავაძე;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – ლადო შუბითიძე;
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – ანანო ბასილაია.

წარმომადგენლობით საბჭოში არჩევის შემთხვევაში, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება:

– სენატის სხდომების გამჭირვალობის უზრუნველყოფა – სხდომების შემდეგ, სხდომის ტრანსკრიპტების გაკეთება და ყველა საკომუნიკაციო საშუალებით მისი სოციალურ ქსელებეში გავრცელება;

– სტუდენტებისთვის აქტუალური საკითხების სენატის ფორმატში დაყენება;

– სტუდენტთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფა – პერიოდულად საჯარო შეხვედრებისა და განხილვების მოწყობა, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს სტუდენტების თანამონაწილეობა წარმომადგენლობით საბჭოში;

– სენატის სტატუსი თითოეულ ჩვენგანს გვანიჭებს გარკვეულ სტატუსს, ლეგიტიმაციას, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო ხმამაღლა და უფრო მაღალი ტრიბუნიდან ვისაუბროთ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე. უნივერსიტეტის პრობლემებს საკუთარი სიღრმისეული სათავეები გააჩნია, ერთ-ერთი ასეთია საბიუჯეტო დაფინანსების არარსებობა, რომლის არარსებობის გამო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინფრასტრუქტურა, პრაქტიკული სამუშაოები და საგნების არჩევის სისტემაც მოშლილია. უნივერსიტეტისათვის საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს. წლების განმავლობაში სტუდენტური თვითმმართველობა ამ საკითხთან დაკავშირებით დუმდა. მათ არასოდეს გამოუყენებიათ სენატის თუ სხვა ფორმატები ამ საკითხის აქტუალიზაციისათვის. ჩვენ, იმ სტუდენტებს, რომლებიც წლებია სახელმწიფოსგან ვითხოვთ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, სენატში არჩევის შემთხვევაში მოგვეცემა ახალი სტატუსი და საშუალება, ეს საკითხი უფრო ხშირად და ხმამაღლა დავაყენოთ სენატსა თუ მის გარეთ.

– სენატი განკარგავს უნივერსიტეტის ბიუჯეტს, განსაზღვრავს პრიორიტეტებს, რომლებიც ხშირად გაურკვეველი და ზოგიერთი ფაკულტეტის მიმართ დისკრიმინაციულია. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ფაკულტეტია უნივერსიტეტში. შესაბამისად, როგორც ამ ფაკულტეტის წარმომადგენელი, თავს არ დავზოგავ ფაკულტეტის პრობლემების სენატში აქტუალიზაციისთვის;

ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი მოქმედების მთავარი პრინციპი დაფუძნებული იქნება იმპერატული მანდატზე – ჩვენ ვაპირებთ იმის გაკეთებას, რასაც სტუდენტები თანამონაწილეობით, საჯარო განხილვებისა და შეხვედრების ფორმატში დაგვიკვეთენ.

პატივსიცემით,

თორნიკე შევარდნაძე;
გიორგი ჯავახაძე;
თორნიკე გერლიანი;
მარიამ ბაღდავაძე;
ლადო შუბითიძე;
ანანო ბასილაია.